საერო სკოლა "ალბიონი"

ალბიონელების შემოქმედება

MAIN » ალბიონელების შემოქმედება

 

მეფეთა ქალაქში

მეფეთა ქალაქში

იცნობენ ქაოსს და

იცნობენ ხმაურით ხელგაშლილ ნიაგარს.

იქ ყველა ახალი ამოყრა სხივების

ჰაერის მუსიკით დატბორვას მიაგავს.

უეცარ დაცვარვას

ფუტკრები ხვდებიან,

ყვავილებს გადმოსდით ოქრო და ფირუზი.

მიწაზე იმდენად დიდია მისტიკა,

რომ მიწაა თითქოს ძველი პაპირუსი.

მეფეთა ქალაქში

ჯალათებს ზაფხულის

მომწვანო ფერების ახურავთ ნიღაბი

და შენც კი გაგხდიან მოკეთე ჯალათად,

ერთხელ ამ ქალაქში თუ შემოიღამებ...

მეფეთა ქალაქში

პრინცესებს არქმევენ

იმას, რაც ოდესღაც ვარსკვლავებს რქმევიათ.

პრინცზე კი, უკეთ რომ შეეწყოს საცოლეს,

უნაკლო ცის თაღის დარქმევა სჩვევიათ.

ღრუბლიან ამინდში,

ნოტების წიგნივით,

სიმშვიდე ეყრდნობა მუქი დღის როიალს,

წვიმას სურს დაშვება მიწისკენ,

სანამ ცის ჯერ უცნობ ადგილებს მოიარს...

ლამაზის თითივით

გაშლილი ქუჩები

საღამოს გვაგონებს ზღაპართა სანიშნეს

და მთა ისე გდია ყბიანი კოვზივით,

იფიქრებ, აქ წუხელ ქორწილი აღნიშნეს.

მოედნის ცენტრებში

საძილე დროისთვის

რეკავენ ფარას შინ ჯოხებით, ანდა ზარს

და ბოლოს დუმილი სიბერის ნაკვთებით

გვახსენებს მამისგან გაგონილ ანდაზას

ამ უცნობ ქალაქში

დუმილიც მეფდება

და მტერი ისაა ყოველგვარ ყვირილის.

მეფეთა ქალაქში ყველას აქვს გვირგვინი

ამიტომ არ უკვირთ მეფობა გვირილის...

XI1  კლასის  მოსწავლე  დავით ხურცილავა 



2012 წლის 29 მაისს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა სკოლა "ალბიონის" X2 კლასის მოსწავლე ნინო ნაჭყებიას წიგნის "ფორთოხლისფერი სინათლის" პრეზენტაცია. ესწრებოდნენ: მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, ნინოს მეგობრები და მასწავლებლები.

სტუმრებმა შეაფასეს ნინოს მინიატურები, ერთხმად აღნიშნეს, რომ მისი სამყარო მზისფერ სინათლეშია გახვეული, ფრაზა მგრძნობიარეა, ფიქრი კი სევდიანი...

სტუმრებმა პატარა მწერალს დაულოცეს გზა დიდი მწერლობისაკენ.

გთავაზობთ ორ მინიატურას ნინო ნაჭყებიას წიგნიდან "ფორთოხლისფერი სინათლე".

 

"ბაბუაწვერა"

მწვანე მინდორში გაფანტული ბაბუაწვერები სიოს ელამუნებოდნენ.    

_ დედა, დედა, ამ თეთრს ყვავილებს რა ჰქვია?

_ აბა, აღწერე როგორია და გეტყვი.

_ თეთრია, მწვანე რაღაცაზე დგას. ხელი ჩაავლო , ბუსუსები სძვრება.

_ააა, მომაწოდე. ეხლა შეუბერე და სურვილი ჩაუთქვი.

_ თვალები დახუჭა და ჩაიფიქრა... მე მინდა... არა, სათამაშო კი არა, დედა ისევ ხედავდეს ... და გულიდან წამოსული ჰაერით შეუბერა.

თეთრი ბუსუსები სიომ წაიღო, პატარა ბიჭუნამ დედას ხელი ჩაავლო და გაეკიდა.

 

დაფა

სახედაკაწრული მწუხარე დაფა არდადეგების დადგომას გლოვობდა. თვალებაცარციანებულმა ჩანთამოკიდებულ ბავშვებს გახედა და მომტირალ ღრუბელს დაწყნარება დაუწყო.

ნინო ნაჭყებია Xკლასი.



ნაფეხურები

გავიდა დრო... ცხოვრებამ თითოეულ ჩვენგანს ბევრი აჩუქა, ბევრიც წაართვა... ერთ დღეს ბაღში ყოფნისას, მოხუცმა კაცმა, პატარა ბეღურა დაინახა, რომელიც

ბუდიდან ჩამოვარდნილიყო და ფრთას ვერ ამოძრავებდა. მოხუცს შეეცოდა, იქვე ხის ძირას ჩამოჯდა და ბეღურას ფრთის მკურნალობა დაუწყო. ჩიტი ფართხალებდა...

  -ნუ, ჩემო ჩიტუნა, ნუ... საშიში არაფერია... ტკივილი კი... ეჰ... იცი, ჩემო ჩიტუნა, ეგ ტკივილი არაფერია, იმასთან შედარებით რაც მე გავიარე... ჩემო ჩიტუნა, ოდესმე გყვარებია ვინმე სულის ტკივილამდე? მოგნატრებია ვინმე ისე, რომ გეკივლა... გიტირია?!. აბა, ჯერ როგორ, როცა ასეთი პატარა ხარ, ჩემო ჩიტუნა, მაგრამ გირბენია ფეხშიშველს ღრუბლებზე? დაგიხატავს სიყვარული და შემდეგ ჩახუტებიხარ მას? გისრიალია ცისარტყელაზე თეთრმკერდა მერცხლებთან ერთად? ოდესმე მისწვდომიხარ მზის სხივს? გიქანავია მასზე? გითამაშია გაზაფხულის ფერად წვიმასთან? გიმღერია მის პატარა წვეთებთან, მის შვილებთან ერთად, რომლებსაც ძალიან უფრთხილდება და ერთ წვეთსაც არასდროს ჰკარგავს...

  ჩიტს თვალებზე ცრემლი მოადგა... ვინ იცის, იქნებ ტკივილისგან? მოხუცი შეეცოდა.

  -იცი, ჩემო ჩიტუნა, ბევრი მიყურებს, ზოგი ცრემლიანი თვალებითაც კი და ფიქრობენ, რომ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ანათებს მზე, მაგრამ ასე არაა... ჩემს გვერდით ჩემი ხელით დახატული, თითქოს პატარა, მაგრამ დიდი სიყვარული ცხოვრობს... მან, სწორედ მისმა თბილმა სხივებმა, ამოავსეს უფსკრული და ახლა ვიცი, აქ, ორპირი ქარები ვეღარასდროს იქროლებენ... იცი, ჩემო ჩიტუნა, რთულია დაშორდე შენს სიყვარულს დაუმშვიდობებლად, თვალებიდან მდუღარე ცრემლები ჩამოგიგორდეს, დაეცეს ცივ მიწას... ის გამაყრუებელი სიჩუმე ახლაც ყურში ჩამესმის და გულს მიკლავს, -მოხუცმა თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, - მაგრამ შენ საიდან გეცოდინება...? შენ ხომ ჯერ ძალიან პატარა ხარ... ნუ ტირი, ნუ... გაგივლის, სიყვარული იარას მოგიშუშებს! - გადაუსვა მოხუცმა კაცმა ბეღურას თავზე ხელი, ხელის გულზე დაისვა და გაუშვა...

  თვითონ ისევ ფიქრებს შეერია... 

 ანა ალელიშვილი   X1 კლასი.


 

"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია..."

     ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, რას გვიმზადებს არ ვიცით. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული მომენტი, როდესაც მარტო ვერ უმკლავდები მის ამაოებას, არ გაქვს მასთან შებრძოლების ძალა. ზოგჯერ, პირიქით, დღეები სავსეა ღიმილითა და საოცარი სიხარულით. ასე გადის დრო. დრო ჩვენი მასწავლებელი ხდება - ბევრ რამეს გვასწავლის, ბევრ საკითხზე დაგვაფიქრებს. იმასაც დაგვანახებს, ვინ მტერია და ვინ - მოყვარე. მოყვრები - გვიმსუბუქებენ გაჭირვებას და ამავდროულად გვმატებენ სიხარულსა და სიცოცხლის წყურვილს.
     მოყვარე - ახლობელია, ნათესავია, მეგობარია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი სამეგობრო ჰყავს ადამიანს. მახსენდება მინდია (ვაჯა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური"), რომელიც ყველაფერს აკეთებს ალუდას დასაცავად. არ სურს, ძლიერი და სახელიანი ვაჟკაცი თემმა გარიყოს, გაინაპიროს. იმედას სჯერა ალუდასი, უნდა, რომ ყველას სჯეროდეს. ძალას არ იშურებს მოყვარე მოყვრის სახელის გადასარჩენად. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მეგობრობა.
         ვფიქრობ, ადამიანთა ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს მეგობრობა თამაშობს.. შესაბრალია ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მეგობარი. "როცა ვერავის ენდობა... როცა გულს ვერავის გადაუხსნის, ხელს ვერავინ გაუწვდის, აუცილებლად მიხვდება, რომ საკუთარი თავის მტერია. ეგოიზმითა და ორგულობით დაკარგა მოყვრის თანადგომა, დაივიწყა შოთა რუსთველის შეგონება - "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
 

ნანუკა გომარელი XI3 კლასი 
 

 

მტკივა! გულს მიდაგავს! შიგნიდან მხრავს ეს ტკივილი! ჩემი სამშობლოს ტკივილი!

მაგრამ, იცით, ამ წამს საშინელი ტყუილი ვთქვი. დიახ, ვიცრუე, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, იმით ვიმშვიდებ, რომ მცირე სურვილი მაინც მაქვს, რომ ასე იყოს....

ვკითხულობ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს, ვეცნობი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, პატრიოტულ თემაზე შექმნილ უამრავ ლექსს თუ მოთხრობას, თუნდაც, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურებს და მშურს მათი. მშურს ისეთი თაობის, ხალხის, ერის, რომელსაც გულს უდაგავს ქვეყნის გასაჭირი, შიგნიდან ხრავს და ანადგურეს ეს ტკივილი. მშურს მისი, ვინც საქართველოსთვის დაუფიქრებლად გაწირავდა და გაწირა კიდეც თავი. მშურს მათი და მაწუხებს, რომ მე გულით ვერ თანავუგრძნობ.

მე ვარ იმ ბრბოს ნაწილი, რომელიც უფრო და უფრო კარგავს ქვეყნის სიყვარულს. ხალხის ნაწილი, რომელიც აღარ დარდობს, აღარ ზრუნავს ჩვენს საქართველოზე. ვწუწუნებთ, ვსაუბრობთ, გამოსვლებს ვაწყობთ და ვყვირით იმის შესახებ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ გულებში და გამოვტყდეთ, რომ საკმარისს ვერც ერთი ვერ ვგრძნობთ, საკმარისად აღარავის გვადარდებს, აღარავის გვტკივა ჩვენი "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი″.


არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონის" 93 კლასი. ანა სეფიაშვილი



 

* * *

 ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ქვითინის ხმა არღვევდა. თავის შეკავება არც მიცდია, რადგან შეუძლებელია საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გულში ჩაკვლა. ძნელია იმის გაცნობიერება, რომ დამტოვა და წავიდა. ახლა გზის გაგრძელება იმ ვარსკვალვის გარეშე უნდა განვაგრძო, რომელიც გზას ასეთი სიყვარულით მინათებდა. ძნელია იმ ტკივილის ატანა, რომელიც მაშინ განვიცადე, როცა საზარელმა სიკვდილმა ჩემთვის საყვარელი ადამიანი უსულო მასად, ქვად და რკინად მიქცია. ყველაზე ძნელი კი ჩემთვის ის არის, რომ ვერ ვეხები, ვერ ვეხუტები, ვერ ვეუბნები, რომ უზომოდ მიყვარს....

ოთახი განათდა. ღმერთო ჩემო, ის არის! მისი ცისფერი, წყლიანი თვალები! ძველებურად ასხივებენ სითბოს და ნათელს. თითქოს გავშეშდი, ვეღარ ვმოძრაობ, ის კი ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამჭიდა (ისე ძლიერად, მას რომ უყვარდა). ღმერთო, ეს სითბო, ეს ნათელი, მინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მინდა თან წამიყვანოს, ძველებურად ვიცინოთ და ერთად ვიყოთ.

ის გულზე ხელს მადებს და მიღიმის. ნათელი კი, მასთან ერთად, ჩემს გულსა და სულში შემოდის. ვიგრძენი, როგორ გავძლიერდი, მის სითბოს, მის სუნს ვგრძნობ.... ვეღარ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ ხელი არ გაუშვია და არც არასდროს გამიშვებს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთან იქნება.

და მაშინ მივხვდი, რომ სიკვილი არ არსებობს, ჩვენ პარალელურ სამყაროებში ვცხოვრობთ.... მათ შორის არსებული ჯებირი კი არც ისეთი მაღალია, რომ ნამდვილმა სიყვარულმა მისი გადალახვა ვერ შეძლოს.

 

არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონის" IX3მოსწავლე ელენე ბერიძე