საერო სკოლა "ალბიონი"

სკოლის შინაგანაწესი

MAIN » სკოლის შინაგანაწესი

სკოლისდირექტორი                            ალ. ჯავახიშვილი                

                               

დამტკიცებულია

სკოლა"ალბიონის" პედაგოგიური

საბჭოსსხდომაზე 03.09.2011, ოქმი №1

(ცვლილებები და დამატებები 11.09.2017)

 

არასახელმწიფოსაერო სკოლაალბიონი"-

 

მუხლი  1.   ზოგადი დებულებები

1.1.  სკოლა „ალბიონის" შემდგომში  „სკოლა") შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ", „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების", საქართველოს შრომის კოდექსისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

1.2. შინაგანაწესი ადგენს სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ამ პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა        მშობლებს  (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.

1.3.  შინაგანაწესი აწესრიგებს სკოლის შრომითი კოლექტივის მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას, ხელს უწყობს მათი შრომის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებას, დისციპლინის განმტკიცებას.

1.4.  სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სკოლის ყველა მუშაკის, მოსწავლის, მშობლისა (კანონიერი წარმომადგენლების) და ყველა იმ პირისათვის, ვინც სხვადასხვა პირობით თანამშრომლობს სკოლასთან.

1.5 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის პედაგოგიური საბჭო განიხილავს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც განთავსდება სკოლის ვებგვერდზე.

1.6.   სკოლა „ალბიონი" კერძო სამართლის იურიდიული პირია.

1.7.   სკოლის I-XII კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20(±2).

1.8. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი

მუხლი 2. სკოლის მუშაკები

2.1.  სკოლის მუშაკები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2.2  სკოლის მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულება იდება ერთი თვიდან ერთ სასწავლო წლამდე ვადით, ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით. სკოლაში პედაგოგიურ სამუშაოზე მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის მქონე პირი ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, კონკურსის წესით ან მის გარეშე, შესაბამის საგანში საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარების აუცილებელი პირობით. ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, საგნობრივი კათედრების გამგეებთან შეთანხმებით.

2.3  მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია მუშაკის გამოსაცდელი ვადით მიღება სამუშაოზე. გამოსაცდელი ვადა და პირობები მითითებული უნდა იყოს შრომით ხელშეკრულებაში. გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მუშაკზე მთლიანად ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსითა და წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესები.

2.4  თუ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობა არადამაკმაყოფილებელია, ადმინისტრაციას უფლება აქვს, შესაბამისი ბრძანებით (მიზეზის მითითებით) შეწყვიტოს მუშაკთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება და წერილობით/ბრძანების გაცნობით გააფრთხილოს იგი ამის თაობაზე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს სამი დღისა. თუ გამოსაცდელ ვადაში მუშაკი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეთავაზებული სამუშაო არ არის მისთვის შესაფერისი ან აქვს სხვა ობიექტური მიზეზები, უფლება აქვს შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება საკუთარი სურვილით, რის შესახებაც მან ადმინისტრაციას წერილობით უნდა აცნობოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი კვირით ადრე.

2.5  სკოლაში მასწავლებელთა და სხვა მოსამსახურეთა მიღება გათავისუფლება, სხვა სამუშაოზე გადაყვანა, უფლება-მოვალეობანი, შესასრულებელი სამუშაო და სამსახურის ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, სკოლის შინაგანაწესითა და სკოლის ადმინისტრაციის შიდა სამსახურებრივი აქტებით - ბრძანებებით.

 2.6  მუშაკთან შრომითი ხელშეკრულება დაიდება წერილობითი ფორმით ორ ეგზემპლიარად.

2.7  სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით კვალიფიკაციის, სტატუსის, სტაჟის, გამოცდილებისა და ა.შ. გათვალისწინებით. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთი საგაკვეთილო საათის ღირებულებით, ფაქტიურად ჩატარებული საათების გათვალისწინებით.

2.8  სკოლაში თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, თანამშრომლის პირად ანგარიშზე სახელფასო თანხის ჩარიცხვით.

2.9  სკოლის ადმინისტრაციის მიზეზით (ღონისძიება, კონფერენცია, ოლიმპიადა და სხვა) გამოწვეული იძულებითი მოცდენისას თანამშრომელს მიეცემა ანაზღაურება სრული ოდენობით.

2.10  თანამშრომლის მიზეზით სამუშაო დღის ან გაკვეთილების გაცდენა არ ანაზღაურდება. გაცდენილი საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.

2.11 სკოლის დირექტორს უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა.

2.12 პედაგოგებს ეძლევათ საზაფხულო შვებულება, მათ შორის ანაზღაურებადი ვაუჩერული დაფინანსების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე სკოლის დანარჩენ მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით, ისარგებლონ ანაზღაურების გარეშე შვებულებით არანაკლებ 15 სამუშაო დღისა.

2.13 შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

2.14 სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, მისაღებ პირს მოსთხოვოს:

• განცხადება;

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

• ბიოგრაფია (CV).

•ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

2.15   მუშაკის სამუშაოზე მიღების შესახებ დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. ბრძანების ასლი ინახება მუშაკის პირად საქმეში.

2.16  მუშაკის სამუშაოზე მიღებისას ადმინისტრაცია ვალდებულია, გააცნოს მას სკოლის წესდება და შინაგანაწესი, შრომის ანაზღაურების პირობები, განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, შრომის უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები, აგრეთვე ბავშვთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საკითხები.

2.17  მუშაკზე, რომელმაც 5 დღეზე მეტი იმუშავა, ივსება შრომის წიგნაკი. შეთავსებით მომუშავე პირთა შრომის წიგნაკები ინახება ძირითად სამუშაო ადგილზე.

2.18   თითოეულ მუშაკზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც უნდა ინახებოდეს:

• განცხადება;

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

• ბიოგრაფია (CV).

• შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა ადრინდელი შრომითი საქმიანობის შესახებ.

• სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

• სარეკომენდაციო წერილი (საჭიროების შემთხვევაში).

• სამუშაოზე დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ასლები.

• კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

•• ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

2.19   გათავისუფლების შემდეგ მუშაკის პირადი საქმე რჩება სკოლაში.

მუხლი  3.  მასწავლებლის ვალდებულებები

3.1.  მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პედაგოგიურ-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.2. მასწავლებელმა უნდა შეასრულოს ეროვნული სასწავლო გეგმით, შინაგანაწესითა და შრომითი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3.3.  მასწავლებელმა უნდა ითანამშრომლოს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

3.4.  მასწავლებლმა უნდა დაიცვას პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომლის თანახმადაც:

• პროფესიული ვალდებულების შესრულებისას მასწავლებელი დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია;

• პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსის ნორმებითა და სკოლის შინაგანაწესით;

• მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას;

• მასწავლებელი თავისი პროფესიული საქმიანობისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს;

• მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და გარეგნულად მოწესრიგებული. იგი ვალდებულია, გაკვეთილის დაწყებამდე სკოლაში 15 წუთით ადრე გამოცხადდეს, გარდა გაუთვალისწინებელი (გაკვეთილის გაცდენის ან დაგვიანების) შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია;

• მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით;

• ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა  და ამოცანების მისაღწევად, მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილ დროს;

• მასწავლებელი ვალდებულია, დროულად და ზუსტად აწარმოოს სკოლის დოკუმენტაცია, ყოველდღიურად აღრიცხოს მოსწავლეთა გაცდენები;

• მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს, არ აყენებს მორალურ ზიანს სკოლას;

• მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი

  მიზნებისათვის;

• მასწავლებელს ეკრძალება სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება; არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; მოსწავლისაგან ან მშობლისაგან საჩუქრების მიღება;  მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება; თავისი შეხედულებისამებრ გაკვეთილების ცხრილისა და მუშაობის გრაფიკის შეცვლა;

• მასწავლებელი უწყვეტად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

• მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება პირადი პრობლემების მოგვარებაში;

• მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას;

• მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

• მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლის აზრს, იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;

• სასწავლო პროცესის განმავლობაში მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;

• მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;

• მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვისთვის;

• მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

• მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ, ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის;

• მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ; მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება;     

• მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან, თავაზიანია ურთიერთობისას და საჭიროების შემთხვევაში აწყობს ინდივიდუალურ  შეხვედრებს;

• მასწავლებელი სასწავლო წლის დასაწყისში აძლევს მშობლებს  ინფორმაციას სასკოლო სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების  შესახებ;

• მასწავლებელი მშობელს დროულად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების  შესახებ.

• მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი თანამდებობისა, პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა;

• მასწავლებელი კოლეგებს უზიარებს შეძენილ ცოდნას, გამოცდილებას და თანამშრომლობს მათთან.

მუხლი  4.  მასწავლებლის უფლებები

4.1.  მასწავლებელს უფლება აქვს კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში.

4.2.  დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სკოლის პედაგოგიური საბჭოსა და კრებების მუშაობაში.

4.3.  დაიცვას საკუთარი პროფესიული პატივი და ღირსება.

4.4.  მიიღოს დროული ინფორმაცია, როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ.

4.5.  სკოლაში დაიბაროს მოსწავლის მშობელი.

4.6.  მონაწილეობა მიიღოს სკოლის შინაგანაწესისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.

4.7. შესაბამის საგნობრივ კათედრებზე შეიმუშაოს საგნის სწავლებისა და აღზრდის მეთოდიკები, ასევე აირჩიოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა.

4.8. საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით, სასწავლო რესურსებით.

მუხლი  5. კლასის აღმზრდელის  მოვალეობანი

•  ზრუნვა ჯანსაღი საკლასო გარემოს შექმნისათვის.

•  სასწავლო პროცესის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლაში გამოცხადება, მოსწავლეთა მიღებისა და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მათი გაცილების ორგანიზაცია.

•  მშობლის დაუყოვნებლივ ინფორმირება თუ მოსწავლის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

•  მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის შესახებ მშობლის ოპერატიულად შეტყობინება და მისი სკოლაში დაბარება.

•  გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა საგნის მასწავლებლებთან ერთად.

•  საკლასო ჟურნალის აკურატულად წარმოების უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს შენახვაზე პასუხისმგებლობა.

•  მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება. საკლასო კონფლიქტების დარეგულირება. რეგულარულად სააღმზრდელო საათის ჩატარება.

 • მოსწავლისა და მისი მშობლისათვის (კანონიერი წარმომადგენლისათვის) მათი უფლებებისა და მოვალეობის, სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსის, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხების გაცნობა.

 • მოსწავლეთა ინტერესებისა და თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებთან აღმზრდელობითი მუშაობა. I-IV კლასებში კვირაში ერთხელ კითხვის საათის ჩატარება, IX-XI-XII კლასებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარება, მე-10 კლასში სააღმზრდელო საათის ფარგლებში საუბრებისა და დისკუსიების ჩატარება ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

 • მშობლებთან მუშაობა, შვილის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა და წარმატების შესახებ მშობლის რეგულარულად ინფორმირება (დღიური, ელექტრონული ჟურნალი, ინდივიდუალური შეხვედრები, მშობელთა კრებები).

•  საგნის მასწავლებლებთან ერთად ზრუნვა ნიჭიერ მოსწავლეთა გამოსავლენად და მათთან ინდივიდუალური მუშაობის უზრუნველყოფა.

•  დირექციასთან შეთანხმებით სასწავლო ექსკურსიების ორგანიზაცია.

•  მშობელთა კრებების ჩატარება.

•  საკლასო დოკუმენტაციის წარმოება. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლასში განსახორციელებელი სააღმზრდელო პროგრამის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.

•  ზრუნვა საკლასო ოთახში მყუდრო ესთეტიკური გარემოს შესაქმნელად.

•  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის დროულად გადახდის ორგანიზაცია.

•  მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის უხეშად დარღვევის, შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე მკვეთრი აკადემიური ჩამორჩენისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, აღმზრდელი ვალდებულია დროულად ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია.

•  აღმზრდელი ვალდებულია, დაიცვას მასწავლებლის ეთიკის კოდექსითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

•  კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარების საკითხს აღმზრდელი წინასწარ ათანხმებს სკოლის ადმინისტრაციასთან.

•  შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აღმზრდელს უფლება აქვს ჩაატაროს გაკვეთილები კვირეული 12 საათის დატვირთვით.

აღმზრდელი სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლის აკადემიური მიღწევების, გაკვეთილზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე, საგნების მასწავლებლებისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, რომელსაც სასწავლო წლის ბოლოს გადასცემს მშობელს მშობელთა კრებაზე ან ელექტრონული ჟურნალის დახმარებით. მუხლი 6.

პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის, მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევისათვის

6.1 სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დგება მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.  სამსახურში დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა, სამსახურის თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება,  გაკვეთილიდან მოსწავლის ზედამხედველის გარეშე გაძევება, სწავლების დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება და სკოლისათვის მორალური ზიანის მიყენება, ასევე მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს დისციპლინური ზემოქმედების შემდეგ სახეებს:

• სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილება ან შენიშვნა;

• საყვედური;

• სასტიკი საყვედური;

• სამსახურიდან გათავისუფლება.

6.2  დისციპლინური გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური ზემოქმედების ერთ-ერთი სახე, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად, რაც მოქმედებს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

6.3  დისციპლინური ზემოქმედების გამოყენება შეუძლია სკოლის დირექტორს ადმინისტრაციის წევრის, აღმზრდელის, საგნის მასწავლებლის, მშობლის, მოსწავლის, სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ წარდგინებისა და დარღვევაში შემჩნეული პირის წერილობითი ახსნა- განმარტების საფუძველზე, საკითხის შესწავლის შედეგად.

6.4 ბრძანებას დისციპლინური ზემოქმედების გამოყენების შესახებ თანამშრომელი უნდა გაეცნოს სამი დღის ვადაში და დაადასტუროს ხელმოწერით.

6.5 დისციპლინური ზემოქმედების მოქმედების პერიოდში, თუ თანამშრომელი კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მიაღწევს წარმატებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური ზემოქმედების სახე.

6.6  ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკი სამუშაოდან შეიძლება განთავისუფლდეს:

• სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს უფრო მკაცრი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას;

• მასწავლებლის ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევისათვის.

• მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

• სისტემატიური გაცდენებისა და დაგვიანებისათვის.

• სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზარალის მიყენებისათვის.

• მეცადინეობის სისტემატიური ჩაშლისათვის.

• უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი გახდა.

• არასაკმარისი კვალიფიკაციისა და შესაბამისად დაბალი ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო.

• სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო.

• ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო

მუხლი  7.  მუშაკთა წახალისება წარმატებისათვის

7.1. სწავლებასა და აღზრდაში მიღწეული წარმატებისა და პედაგოგიურ საქმიანობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოიყენება შემდეგი სახის წახალისება:

• მადლობის გამოცხადება;

• სიგელით დაჯილდოება;

• ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

• მადლობის წერილის გადაცემა.;

• პრემია ან ფულადი ჯილდო;

7.2.  წახალისება ფორმდება დირექტორის ბრძანებით, გაეცნობა სკოლის კოლექტივს და შეტანილ იქნება მუშაკის პირად საქმეში.

მუხლი  8.  სკოლის მოსწავლეები

8.1 სკოლის მოსწავლეთა უფლება–მოვალეობანი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და მოსწავლის ქცევის კოდექსით.

8.2  სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო წლის დასაწყისისათვის შეუსრულდათ 6 წელი. 2014-2015 სასწავლო წელს გამონაკლისის სახით I კლასში ჩაირიცხებიან ის პირებიც, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი (საქართველოს კანონი 04.04.2014).

8.3  სკოლის  V-XII კლასებში ჩაირიცხებიან სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეები სამ საგანში (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა) გასაუბრების ან ტესტირების შედეგად. მოსწავლეები I-IV კლასებში  გასაუბრების გარეშე მიიღებიან, თუ შესაბამის კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმატივზე (20±2) ნაკლებია.

8.4  გამონაკლისის სახით, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, ნორმატივსზევით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთა და–ძმა სწავლობს სკოლა „ალბიონში" ან სკოლის ბაგა-ბაღში, ასევე ის მოსწავლე რომელიც საპატიო მიზეზით გადასული იყო სხვა სკოლაში.

8.5 სკოლის I კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს;

• განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

• ორი ფოტოსურათი ( 3 X 4 );

• ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი) და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

• ბავშვის სამედიცინო ცნობა;

• მშობლების პირადობის მოწმობების ქსეროასლები;

••  არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი.

8.6 I-XII კლასებში სხვა სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეთა მიღება ხდება შემდეგი საბუთების საფუძველზე: V-XIIკლასებში სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში, საგნების წლიური შეფასებები და საფეხურის დამთავრების ქულა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ:

• განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

• მოსწავლის პირადი საქმე;

• მოსწავლის დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

• სკოლის დირექტორის ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სიიდან ამოღების შესახებ;

• სამედიცინო ცნობა.

8.7  სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო სასწავლო გეგმა.

8.8  მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით, დადებითი საბოლოო აკადემიური შედეგების საფუძველზე. მოსწავლის წარმატების მინიმალურ ბარიერად ითვლება საგანში წლიური, და საფეხურის შეფასება (დამრგვალების შემდეგ) „5,0" ქულა.

მუხლი  9.  მოსწავლის ვალდებულებები

9.1 მოსწავლეები ვალდებულები არიან შეასრულონ სკოლის შინაგანაწესითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

9.2 მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

9.3 ქცევის კოდექსი ვრცელდება ყველა მოსწავლეზე.

9.4 მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

9.5 მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს.

9.6 მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის, მუქარის, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ შეურაცხყოფას რაიმე სახის ქმედებით.

9.7 მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსით, ყოველგვარი სამკაულის გარეშე;   I–VI კლასების მოსწავლეები - მოსწავლის ფორმით.

9.8 მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. არ აცდენს გაკვეთილებს არასაპატიო მიზეზით.

9.9 გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. I-VI კლასების მოსწავლეებს აქვთ მოსწავლის დღიური. (2016წ.)

9.10 მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს, სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

9.11 სასწავლო პროცესის დროს მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს და/ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს. გაკვეთილების დაწყებამდე მობილურ ტელეფონს აბარებს აღმზრდელს, რომელსაც მიიღებს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ.

9.12 მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო  პროცესის მიმდინარეობისას.

9.13 მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრს და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

9.14 მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

9.15 მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9.16 მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. დაზიანების შემთხვევაში აღადგენს თავად ან სხვათა დახმარებით.

9.17 მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

9.18 მოსწავლეს ეკრძალება სკოლაში შემდეგი ნივთების შემოტანა: თამბაქოს ნაწარმი, ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად, სანთებელა ან ასანთი, ალკოჰოლური საშუალებები, ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული, აზარტული თამაშის საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, ნარკოტიკული საშუალებები და მომწამლავი ნივთიერებები, ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მუხლი 10.  დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

10.1   მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, შინაგანაწესის მოთხოვნების, ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს დისციპლინური ზემოქმედების სახეებს:

• მშობელთან დაკავშირება და მასთან მოთათბირება;

• შეხვედრა სკოლის დირექტორთან  და სიტყვიერი შენიშვნა;

• საჯაროდ ბოდიშის მოხდა;

• საყვედური;

• საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1- დან 5 დღემდე ვადით, სკოლის დირექტორის  გადაწყვეტილებით;

• სასტიკი საყვედური;

• სკოლისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების დაკისრება;

• სკოლიდან გარიცხვა;

10.2 დისციპლინური ზემოქმედების განსაკუთრებული ფორმა - სკოლიდან გარიცხვა დასაშვებია თუ მოსწავლე:

• სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც  იმსახურებს დისციპლინურ სასჯელს;

• სისტემატიურად უხეშად არღვევს დისციპლინას;

• არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად აცდენს გაკვეთილებს;

• მასწავლებელს ან სკოლის სხვა მუშაკს მიაყენებს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დაემუქრება მას რაიმე ფორმით.

• მოსწავლეს მიაყენებს უხეშ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

• სკოლაში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

• სკოლას მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს.

• თუ მის მიმართ ძალაში შევა სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი.

მუხლი  11.  მოსწავლის უფლებები

 11.1.  მოსწავლეებს უფლება აქვთ მიიღონ საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლება და სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტსზევით საგანმანათლებლო მომსახურება.

11.2.  მიიღონ ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ.

11.3. მიიღონ ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ, მათში მონაწილეობის მიზნით.

11.4. ისარგებლონ სკოლის ბიბლიოთეკით, კომპიუტერული ტექნიკით, სამედიცინო მომსახურებით, სკოლის ბუფეტით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი საშუალებებით.

11.5. ჰქონდეთ სწავლებისათვის შესაფერისი გარემო და ფსიქოლოგიური მომსახურების პირობები.

11.6.  ნებაყოფლობით დაესწრონ და მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმაში.

მუხლი  12.  მოსწავლის წახალისების მექანიზმი

12.1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების, სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში მოპოვებული წარმატებებისათვის, მოსწავლე ჯილდოვდება:

• სიგელით;

• განსაზღვრულვადიანი სტიპენდიით;

• ფასიანი საჩუქრით;

• შესაბამისი ბრძანებით მადლობის გამოცხადებით;

• "საპატიო ალბიონელის" წოდებით;

12.2. „საპატიო ალბიონელის" წოდება ენიჭება სკოლის იმ კურსდამთავრებულს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

• საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლობს სკოლა „ალბიონში", მესამე საფეხურის საერთო ნიშანი აქვს 10 ქულა;

• მე-12 კლასში აქვს წლიური უმაღლესი რეიტინგული ქულა;

• მიაღწია წარმატებას ქვეყნის ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში;

• აქტიურად მონაწილეობს სასკოლო და საქალაქო ღონისიებებში.

• არის ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი;

• საატესტატო გამოცდებში მიღებული აქვს დამრგვალებული 10 ქულა.

12.3. გადაწყვეტილებას მოსწავლეთა წახალისების შესახებ იღებს სკოლის დირექტორი პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრის გამგის, აღმზრდელის, სკოლის ადმინისტრაციის წარდგინების საფუძველზე.

12.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, საწავლო წლის შედეგებით წარჩინებული კურსდამთავრებული ჯილდოვდება ოქროს ან ვერცხლის მედლით.

მუხლი 13. მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი

13.1. მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების 10 ქულიანი სისტემა, შეფასების 5 დონით. V-XII კლასების მოსწავლეთა შეფასება ხდება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტებია: საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება.

13.2. I-IV კლასებში მოსწავლეთა შეფასება ქულებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოს და სასწავლო წლის ბოლოს კლასის აღმზრდელი საკუთარი და საგნების მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს მოკლე, შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მას დახმარება და დამატებითი მუშაობა.  I-IV კლასებში საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს განმავითარებელი შეფასება და მოსწავლეთა წახალისების ინდივიდუალური ფორმები.

13.3 - პირველი სემესტრის ბოლოს ტარდება სასწავლო წლის პირველი სემესტრის შემაჯამებელი წერები (შემაჯამებელ წერას აქვს შემაჯამებელი დავალების სტატუსი).

- პირველ სემესტრში (ნოემბერი) და მეორე სემესტრში (მარტი) ტარდება დირექციის მონიტორინგი III-IVდა VII-XII კლასებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. XI-XII კლასებში - საატესტატო გამოცდების საგნებში. (2017)

მონიტორინგს ატარებს დირექცია საგნობრივ კათედრებთან ერთად. მონიტორინგზე მიღებულ ქულას აქვს შემაჯამებელი დავალების ქულის სტატუსი. მონიტორინგის შედეგების ანალიზი განიხილება საგნობრივი კათედრების სხდომებზე, მოსწავლეთა და მშობელთა კრებებზე.

- სასწავლო წლის ბოლოს ტარდება სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები VII-XII კლასებში:

VII კლასებში - ისტორია, რუსული ენა

VIII კლასებში - გეოგრაფია, ქიმია

IX კლასებში -  (მეათე კლასში მისაღები გამოცდები) ბიოლოგია, ქიმია

X კლასებში - გეოგრაფია, ფიზიკა

XI კლასებში - საატესტატო გამოცდები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში.

XII კლასებში საატესტატო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ისტორიაში.

სასკოლო გამოცდებზე მიღებულ შეფასებას აქვს დამოუკიდებელი ქულის სტატუსი.

- თუ მოსწავლემ სასწავლო წლის შედეგებით ვერ გადალახა საგნის წარმატებით დაძლევის მინიმალური ბარიერი (5.0) მას მიეცემა საზაფხულო დავალება და დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა; ასევე, თუ სასწავლო წლის შემაჯამებელ გამოცდებზე მიიღო ბარიერზე ნაკლები შეფასება, მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს 2 კვირისა ან სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. ამ შემთხვევაში მოსწავლე საგნის წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე, საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.

მოსწავლეთა შორის სწავლის ხარისხის ამაღლების, მათი საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდის, დისციპლინის შემდგომი განმტკიცებისა და მოსწავლეთა ინტერესების გაზრდისათვის დამატებითი მოტივაციის შესაქმნელად სასწავლო წლის ბოლოს ხდება V-XII კლასების მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასება (იხ. დებულება). მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასების შედეგები იხილება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და საკლასო მშობელთა კრებებზე. უმაღლესი რეიტინგული ქულების მქონე მოსწავლეთა სია ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე და ელექტრონულ ჟურნალში.

13.4. თუ მოსწავლემ სასწავლო წლის შედეგებით ვერ გადალახა საგანში განსაზღვრული ბარიერი (5.0),მას მიეცემა საზაფხულო დავალება და დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა; ასევე, თუ სასწავლო წლის შემაჯამებელ გამოცდებზე მიიღო ბარიერზე ნაკლები შეფასება, მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს 2 კვირისა ან სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე (2014 წ.)

13.5. მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შემოწმების მიზნით, სკოლის დირექცია საბაზო და საშუალო საფეხურებზე პერიოდულად ატარებს საგნების სწავლების ხარისხის მონიტორინგს.

13.6. XI-XII კლასების მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად კლასები იყოფა ორად CAT-ის გამოცდების საგნებში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 16-ს (2014 წ.).

13.7. მოსწავლეთა შორის სწავლის ხარისხის ამაღლების, მათი საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდის, დისციპლინის შემდგომი განმტკიცებისა და მოსწავლეთა ინტერესების გაზრდისათვის,  დამატებითი მოტივაციის შესაქმნელად ხდება V-XII კლასების მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასება (იხ. დებულება).

13.8. მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით (სემესტრში 30 გაკვ.) გაცდენილი გაკვეთილების შემთხვევაში, აღმზრდელის წერილობითი წარდგინების საფუძველზე, პედაგოგიურ საბჭოზე იხილება მოსწავლის მშობელთან ხელშეკრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

13.9. სასწავლო წლის ბოლოს საჯაროობის მიზნით მოსწავლეთა რეიტინგული მაჩვენებლები განხილულ იქნება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სადაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი რეიტინგული ქულის მფლობელ მოსწავლეთა სასწავლო წლის ბოლოს წახალისების შესახებ.

13.10. აღმზრდელი ვალდებულია, მოსწავლის რეიტინგული მაჩვენებლები დროულად დაიყვანოს მოსწავლეებამდე და მათ მშობლებამდე.

მუხლი  14. სკოლის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობანი

14.1. სკოლის ადმინისტრაციის წევრების ფუნქციები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

14.2.  სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

• სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზებულად  წარმართვას. ქმნის პედაგოგიური კოლექტივის ნაყოფიერი საქმიანობისათვის ხელისშემწყობ გარემოს;

• ქმნის პირობებს მუშაობის ხარისხის ამაღლებისათვის;

• ზრუნავს პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის;

• აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, შრომის დისციპლინას;

• მხარს უჭერს და ხელს უწყობს პედაგოგების ინიციატივას;

• მიზნობრივად ესწრება მასწავლებლების გაკვეთილებს, ახდენს შესაბამის ანალიზს და გამოცდილების განზოგადებას;

• საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია სწავლების ხარისხის დადგენისა ან ამაღლების მიზნით სკოლაში   მოიწვიოს განათლების კვალიფიციური მუშაკები (საგანმანათლებლო აუდიტი).

14.3. სკოლის დირექტორი იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და სკოლის დირექტორის ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს.

14.4. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.

14.5. სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის  უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის  მაგალითია.

14.6. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

14.7. სკოლის დირექტორი იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი მდგომარეობისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების,  შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა.

14.8. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ  ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების  პატივისცემას.

14.9. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და  სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.

14.10. სკოლის დირექტორი სკოლის პერსონალს არჩევს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  მიხედვით.

14.11. სკოლის დირექტორი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14.12. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

14.13 სკოლის(დირექტორი არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

14.14. სკოლის დირექტორი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილიგიებს პირადი მიზნებისათვის.

14.15.  სკოლის დირექტორი არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი  მიზნებისათვის.

14.16. სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ  გამოყენებას.

14.17. სკოლის დირექტორი არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.

14.18. სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

14.19. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ  (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

14.20. სკოლის დირექტორი ზრუნავს მისი თანამდებობისათვის საჭირო უნარ- ჩვევების განვითარებასა და  ცოდნის გაღრმავებაზე.

14.21. სკოლის დირექტორი ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.

14.22. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

14.23. სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული  თავისებურებებისა.

14.24. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრს სკოლის განვითარების ღონისძიებების  დაგეგმვისა და განხორციელების საკითხში.

14.25. სკოლის დირექტორი ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და  სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.

14.26. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს  მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ  განვითარებაში.

14.27. სკოლის დირექტორი დამწყებ მასწავლებლებს უქმნის ყველა პირობას  სასკოლო გარემოში ინტეგრაციისათვის.

14.28. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულ ინფორმირებას ზოგადი განათლების  სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.

14.29. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.

14.30. სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.

14.31. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების  ჩამოყალიბებაში.

14.32. სკოლის დირექტორი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

14.33. სკოლის დირექტორი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.

14.34. სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

14.35. სკოლის დირექტორი არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

14.36. სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლეების ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.

14.37. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

14.38. სკოლის დირექტორი მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლი სასწავლო  გეგმის შესახებ.

14.39. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს მშობლებთან, პერიოდულად ატარებს მათთან  ინდივ- იდუალურ შეხვედრებს.

14.40. სკოლის დირექტორი მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.

14.41. სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14.42  სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს.

14.43. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით:

14.43.1. პედაგოგებს, რომელთა შვილი (შვილები) ან შვილიშვილი (შვილიშვილები) სწავლობენ სკოლა "ალბიონში" და მასთან არსებულ ბაგა-ბაღში ეძლევათ ხელფასზე დანამატი თვიური ჯამური გადასახადის 15%.

14.43.2. მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ სკოლა "ალბიონში" და მასთან არსებულ ბაგა-ბაღში (ან მხოლოდ სკოლში) 3 და მეტი შვილი, აგრეთვე ტყუპი შვილების მშობლებს ეძლევათ შეღავათი თვიური ჯამური გადასახადის 15%.

მუხლი  15.  სკოლის მუშაობის რეჟიმი

15.1.სასწავლო წლის ხანგრძლივობა, სემესტრის დაწყებისა და დამთავრების დრო, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. სკოლა იტოვებს უფლებას სასწავლო წლის დაწყება-დამთავრება და არდადეგების საკითხი გადაწყვიტოს სკოლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ აუცილებლად შეასრულოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო დღეების რაოდენობა.

სასწავლო კვირა ხუთდღიანია.  სწავლა იწყება  9 სთ. 30 წთ. (2017)

15.2.სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს. საგნის მასწავლებელთა სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N576, 21.10.2005)

15.3. ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით (საქართველოს შრომის კოდექსი, თავი IV, მუხლი 17. პ. 4). ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

ზეგანაკვეთურის სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

15.4. 2017-2018 სასწავლო წლის კალენდარი:

სასწავლო წელი იწყება 2017 წლის 15 სექტემბერს და მთავრდება

                                                                        2018წლის 15 ივნისს.

პირველ კლასებში სასწავლო წელი იწყება 2017 წლის 15 სექტემბერს

                                                                        და მთავრდება 2018 წლის 25 მაისს.

მეთორმეტე კლასებში სასწავლო წელი იწყება 2017 წლის 15 სექტემბერს

                                                                                                            და მთავრდება 2018 წლის 18 მაისს.

I სემესტრი

2017 წლის 15 სექტემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით.

II სემესტრი

2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

ა რ დ ა დ ე გ ე ბ ი:

საშობაო – 30 დეკემბრი -  14 იანვარი

საგაზაფხულო - 8 მარტი - 14 მარტი

სააღდგომო  –  6 აპრილი - 9 აპრილი

აღდგომა - 8 აპრილი

დასვენების დღეები, რომლებიც არ მოექცა არდადეგებში:

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა

23 ნოემბერი – გიორგობა

19 იანვარი – ნათლისღება

03 მარტი – დედის დღე

08 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

09 მაისი – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე

12 მაისი – წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

26 მაისი –  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე

სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები და კლასგარეშე ღონისძიებები ჩატარდება 2018 წლის 18-22 ივნისს

15.5. სასწავლო წლის კალენდარს, გაკვეთილების ცხრილსა და დღის რეჟიმს ადგენს სკოლის ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

15.6. სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს სკოლის სასადილოში პირველ, მეორე,  მესამე და მეოთხე სართულებზე მორიგეობენ სკოლის თანამშრომლები წესრიგის დაცვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. I-IV კლასების მოსწავლეთა კვების ორგანიზაციას ეწევიან შესაბამისი კლასების აღმზრდელები.

15.7. მოსწავლის მშობლის თხოვნით ან სხვა ობიექტური მიზეზით სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ნებართვით, დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების საშუალებით. სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საპატიოდ  ითვლება ერთიდან სამ დღემდე გაცდენა, აღმზრდელთან მშობლის ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამი დღის ზევით სამედიცინო ცნობით ან სკოლის დირექტორის ოფიციალური ნებართვით.

15.8. სკოლის შენობისა და მისი გარე პერიმეტრის სადღეღამისო დაცვას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და არასაგაკვეთილო დროს, უზრუნველყოფს სპეციალური დაცვის სამსახური სკოლის დაცვის სამსახურთან ერთად.

15.9. სკოლაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15-დან 18.00 საათამდე მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმის ჯგუფი I-IV კლასების იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც მოითხოვენ აღნიშნულ მომსახურებას.

მუხლი  16.  სკოლის მოსწავლეთა მშობლების უფლებები და ვალდებულებები

16.1 სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შორის ურთიერთობა რეგულირდება ვადიანი ხელშეკრულების  საშუალებით.

16.2.  მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:

• შექმნას ბავშვის სწორი აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი გარემო;

• შეასრულოს სკოლის დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;

• დაიცვას სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები;

• დაესწროს მშობელთა კრებებს;

• უზრუნველყოს შვილის სკოლაში დროული გამოცხადება, სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით;

• შვილის სკოლაში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღმზრდელს.  არ დაუშვას მოსწავლის მიერ გაკვეთილების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევები;

• მიიღოს ზომები შვილის მიერ მოსწავლის ქცევის კოდექსითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვისათვის;

16.3. მშობელს (კანონიერ  წარმომადგენელს) უფლება აქვს:

• დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები;

• ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს;

• გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებაზე, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციაში;

• გაეცნოს სასკოლო სასწავლო გეგმას, შინაგანაწესსა და შვილის აკადემიურ მოსწრებას, ასევე  სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს;

• მოითხოვოს გაკვეთილების მაღალ დონეზე ჩატარება;

• საჭიროების შემთხვევაში გამოთქვას დასაბუთებული აზრი მასწავლებელთა შესახებ;

• დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, სკოლის დირექტორის ნებართვით,  უფლება აქვს დაესწროს გაკვეთილებს.

მუხლი  17.    სკოლის  შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის წესი

17.1. შინაგანაწესში ცვლილების ან შინაგანაწესის ახალი რედაქციის პროექტს სკოლის ადმინისტრაცია განსახილველად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.


   

16.12.2017